ხმამაღლა კითხვა ბავშვებს წიგნიერების სამყაროში შებიჯებასა და ყველა საგნის სწავლას გაუადვილებს.
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა და შენარჩუნება კარგი მასწავლებლის ერთ-ერთი საკვანძო გამოწვევაა. მოტივაციის ნაკლებობა კარგად ცნობილ შედეგებამდე მიდის: ბავშვი არ იღებს ინფორმაციას, არ ასრულებს დავალებებს ან ხელს უშლის სასწავლო პროცესის ნორმალურ მსვლელობას. დაბალი მოტივაციის მიზეზებიც ცნობილია: ბავშვს არ აინტერესებს შესასწავლი საგანი/საკითხი; ეშინია, რომ ვერ დაძლევს; არ აქვს ხელშემწყობი გარემო სკოლასა და ოჯახში. როგორ ავუმაღლოთ მოსწავლეებს კითხვისა და სწავლის მოტივაცია?
- .შეასრულეთ მოდელის როლი. სწავლებისას იყავით ენერგიული,დაანახეთ მოსწავლეებს ენთუზიაზმი. თქვენი მოტივაცია გადამდებია. პერიოდულად შეახსენეთ ბავშვებს, თუ რატომ გიყვართ კითხვა და სწავლა. აუხსენით, რომ ის საკითხები, რომლებსაც მათ ასწავლით, თავად თქვენც ძალიან გაინტერესებთ. თავისუფლად მოიტანეთ მაგალითები პირადი ცხოვრებიდან.
- კარგად გაიცანით თქვენი მოსწავლეები. სასწავლო პროცესის დასაწყისიდანვე სცადეთ, რაც შეიძლება მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ რა უყვართ და აიტნერესებთ თქვენს მოსწავლეებს. ეს დაგეხმარებათ, რომ სასწავლო პროცესი მათ საჭიროებებს მოარგოთ. თუ დაინახავენ, რომ მათი ინტერესები თქვენთვის სულ ერთი არ არის, შინაგანი მისწრაფება გაუღვივდებათ. დაინტერესდით მათი სწავლით და გამოხატეთ, რომ გჯერათ მათი შესაძლებლობების. გამოიყენეთ ამისთვის თამაშები, დისკუსიები, კითხვარები, ინტერვიუები და სხვ.
- გამოიყენეთ მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი. ხშირად დასვით ღია შეკითხვები. უჩვენეთ, რომ სწავლა ბევრად მეტია, ვიდრე ტექსტის დამახსოვრება და მოყოლა. ცვალეთ დავალების ფორმატი. პერიოდულად გამოიყენეთ თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო აქტივობები. შესთავაზეთ დავალებები, რომლებიც მსჯელობას, კვლევა-ძიებას, სხვადასხვა ტიპის ნამუშევრების შექმნას მოიცავს. ასწავლეთ მიგნებებითა და კეთებით. მოსწავლეებს უყვართ, როცა თავად მიდიან საინტერესო, მნიშვნელოვან დასკვნებამდე.
- დაუსახეთ მოსწავლეებს რეალისტური სასწავლო მიზნები. მოსწავლეებისთვის სულ ერთი არ არის, რატომ სწავლობენ ამა თუ იმ საგანს/საკითხს. შეძლებისდაგვარად მიაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაში გამოადგებათ შეძენილი ცოდნა და უნარები. თვითრწმენა მოტივაციის ერთ-ერთი უძლიერესი საყრდენია. სწავლის მიზნები განვითარების უახლოეს ზონაში უნდა შედიოდეს. სთხოვეთ, თავადაც დასახონ მიზნები და განსაზღვრონ მომდევნო ნაბიჯები. მოიფიქრეთ ცოდნის შემოწმების ისეთი ხერხები, რომლებიც ადეკვატური სირთულის იქნება.
- თავისუფალად შეაქეთ და კონსტრუქციულად გააკრიტიკეთ. ნეგატიური კომენტარები მხოლოდ კონკრეტულ სასწავლო ვითარებებს/ნამუშევრებს უნდა შეეხებოდეს და არა მოსწავლის პიროვნებას. მოერიდეთ განსჯას უკუკავშირის მიცემისას. ხაზი გაუსვით წინსვლის შესაძლებლობებს და წაახალისეთ ნამუშევრის გაუმჯობესების მცდელობები. არ შეადაროთ მოსწავლეები ერთმანეთს.
- მიეცით რაც შეიძლება მეტი არჩევანის საშუალება. მიეცით დასაწერი თემის, წასაკითხი ნაწარმოების, განსახორციელებელი პროექტის არჩევის საშუალება. შეაფასეთ სხვადასხვა გზით - პრეზენტაციებით, ტესტებით, პროექტებით და სხვ. ჩართეთ მოსწავლეები შეფასების კრიტერიუმების განხილვისა და/ან შემუშავების პროცესში.
- დააკავშირეთ სწავლა რეალურ ცხოვრებასთან. პერიოდულად იმსჯელეთ ბავშვებთან ისეთ შეკითხვებზე, როგორიცაა: „რაში გამოგვადგება .............-ის ცოდნა?“ „სად და როგორ გამოვიყენებთ ............... -ის უნარს?“ „რომელი პროფესიის ადამიანები იყენებენ ამ ცოდნას?“ მოიტანეთ მაგალითები თქვენი და თქვენი ნაცნობების ცხოვრებიდან.